უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩანაწერზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ და აღნიშნულია, რომ ის დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს.