აშშ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს – ამის შესახებ ინფორმაციას შტატების თავდაცვის დეპარტამენტში ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილება ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში განხორციელდება და 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სწავლება გაურკვეველი პერიოდით გადაიდება.
როგორც თავდაცვის დეპარტამენტში განმარტავენ, „ღირსეული პარტნიორის“ გადადება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ბრალდებას უკავშირდება იმის შესახებ, რომ საქართველოზე ზეწოლა ხდება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის. ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ დასავლეთი გადატრიალების ორ მცდელობაში დაადანაშაულა.