„სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების“ თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსში“ მიიჩნევენ, რომ მმართველმა გუნდმა იდეალებს უღალატა და სწორედ ამიტომ ვერ მიიღო „პატრიოტების“ ინიციატივამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.
განსხვავებული პოზიციებია მმართველ გუნდში. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებაში დამკვიდრებული სისტემური დანაშაულების წინააღმდეგ ნებისმიერი სიმბოლური აქტი მისაღებია, ნაწილი კი ამ სახით მმართველი გუნდის კონკურენტი ოპოზიციური ძალის აკრძალვას არასწორად მიიჩნევს . მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათი წარსული საქმიანობა.
თემას დღეს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მას არ სჭირდება დამატებითი არგუმენტები წინა ხელისუფლების მმართველობის რეჟიმის შესაფასებლად. შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტს გუშინდელ კენჭისყრაზე მხარი 45 დეპუტატმა დაუჭირა, 16 კი, წინააღმდეგი წავიდა.