"პატრიოტთა ალიანსი" 15 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

“პატრიოტთა ალიანსის”  წევრები სპორტის სასახლეში შეიკრიბნენ. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ეს იყო ერთგვარი აქცია.

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ 15 სექტემბრიდან პარტიის მხარდამჭერები აქციებს გამართავენ. როგორც დღევანდელ შეკრებაზე დააანონსეს, მხარდამჭერებთან ერთად, მომავალ კვირას რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამოსვლებს დაიწყებენ. მისივე თქმით, ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშეა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების თქმით, პრობლემა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. სცენიდან მხარდამჭერებს მხოლოდ დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მიმართეს და თანამოაზრეებს აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.