პატრიარქი ბათუმში, სასტუმროს ხანძრის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის
ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა კათოლიკოს პატრიარქმა. ასევე ცოტა ხნის წინ საპატრიარქოდან პირველ არხს დაუდასტურეს, რომ უწმინდესი ბათუმში გეგმავს გამგზავრებას, სადაც დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ილია მეორის სამძიმრის წერილში ვკითხულობთ, “საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს, დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელისგან”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილმა ხანძრის დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, ყველას, ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, – წერს გიორგი მარგველაშვილი. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
მომხდარს წუხელვე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. თბილისის მერმა გაწეული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა.