აჭარის შს სამმართველოში აცხადებენ, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ უსაფრთხოების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოძიება დაადგენს
აჭარის შს სამმართველოში აცხადებენ, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ უსაფრთხოების სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოძიება დაადგენს

დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და, შესაბამისად, კანონის უმკაცრესი ზომები გატარდება, – ამის შესახებ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძართან დაკავშირებით  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა.

კითხვას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები და არსებობდა თუ არა შენობაში სახანძრო კიბე, მაისურაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტის, გურიის სახანძრო-სამაშველო სამსახური, სამეგრლოსა და იმერეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებმაც მოახდინეს 100-დან 12 კაცამდე გადარჩენა და უსაფრთხოდ გამოყვანა აღნიშნული სასტუმროდან“, – განაცხადა ლევან მაისურაძემ.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.