თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღეს ბრალდების მხარე ერთ მოწმეს, ფსიქიატრს დაკითხავს და პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა ამით დასრულდება.
დღესვე დაცვის მხარე სამი მოწმის – ყოფილი პატიმრების დაკითხვას აპირებს. ადვოკატების განმარტებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ ბრალდებულების მხრიდან დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია.
პროკურატურამ პატიმრების წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 40-მდე ეპიზოდზე ბრალი 7 პირს, მათ შორის გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის უფროსს ოლეგ ფაცაციას წაუყენა. მასვე პროკურატურა ყოფილი პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას წამებას ედავება. დაზარალებულმა ჩვენება სასამართლოს უკვე მისცა.