პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

სააპელაციო სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე მსჯავრდებულ დავით ნოზაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდების საქმეზე შვიდი პირის – მალხაზ ღვინიაშვილის, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილის, დავით ნოზაძის, დავით ჩიხლაძისა და ვახტანგ გუგუციძის სააპელაციო სარჩელი განიხილება. მათ მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.

გამოძიების ინფორმაციის თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, სისტემატურად ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას პატიმრებზე.

სხდომის ბოლოს სიტყვით ისარგებლა თავად მსჯავრდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. ამანათების განყოფილებაში მუშაობდა და მასთან ერთად დაკავებულ მსჯავრდებულებთან შეხება არ ჰქონია.

ნოზაძემ ასევე განმარტა, რომ  მის მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი პატიმარი, დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც ის არ იცნობდა. სხდომის შემდეგ პროკურატურას კომენტარი არ გაუკეთებია.