ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულდა.
ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი რუსულ ციხეში ათთვიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ოლიმპიური ჩემპიონი 14 წლის წინ ბანგკოკში დაკავებულ და აშშ-ში ექსტრადირებულ ცნობილ იარაღით მოვაჭრეზე გაცვალეს. საუბარია ვიქტორ ბუტზე, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების დასახოცად საბრძოლო მასალების გაყიდვის ბრალდებით აიყვანეს. 25-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ რუსეთი მის გათავისუფლებას წლების განმავლობაში ცდილობდა. ზაფხულში დაწყებული მოლაპარაკებების დროს ამერიკული მხარე ბუტის გადაცემის სანაცვლოდ ამერიკელი სპორტსმენის გარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლ უილანის გათავისუფლებასაც ითხოვდა, თუმცა უილანის საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.