„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილებს მიიღებს წარსულიდან და რუსეთთან უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ვრჩებით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე, უნდა გადავლახოთ განსხვავებები და აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი,“ – წერია დოკუმენტში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ეს პასუხი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მედიის დასმულ კითხვას მოჰყვა. უწყება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებად სტაბილიზაციასა და „რუსოფობიული კამპანიის“ დასრულებას ასახელებს.
განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პირდაპირი ავიარეისების შეჩერება რუსული მხარის გადაწყვეტილება იყო. საქართველო კი პანდემიის მიუხედავად, საკითხის განსახილველად და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა.