გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური შეფასებების საგანია.
მიხაილ როთის განცხადებას გერმანიაში საქართველოს ელჩი პასუხობს, – „ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ის საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა და მუდამ იარსებებს“.
როთის განცხადებას ეხმაურება არჩილ თალაკვაძეც. „მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია – კრიტიკა რა მოსატანია?!“
შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე „ტვიტერზე“ წერს: „ყველა რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამის პრობლემა, ჩემს შემთხვევაში ეს არის საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი. რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია“ – აღნიშნა როთიმ.