„ნაციონალური მოძრაობა“ გიგი უგულავას პასუხობს. პარტიაში აცხადებენ, რომ სამწუხაროა მათი ყოფილი თანაგუნდელის მიმართვა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და ასევე აზუსტებენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას, როგორც ეს გიგი უგულავას წარმოუდგენია.
გიგი უგულავამ განცხადება დღეს, რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მესამე ვადას, „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული კოალიციის პირველ ვადას. გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და ამბობს, რომ მცდელობას ერთპარტიული მმართველობისკენ „ევროპული საქართველოსგან“ წინააღმდეგობა მოჰყვება. გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ერთიანი მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილზე გამარჯვებისთვის არის საჭირო, რაც მათი საერთო ამოცანაა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ამ თემას თავიდან აღარ გახსნის და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას უსურვებს. მის განცხადებას არასერიოზული უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ,რომლის თქმით, უგულავას ნათქვამი პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ გზავნილს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პარტიებთან ერთად გამარჯვება ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მესამე ვადას, რაც ბარამიძის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს.
გია ბარამიძე – არავინ აპირებს ერთპარტიულ მმართველობას, სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები არასერიოზულ განცხადებას აკეთებენ