გია ბარამიძე - არავინ აპირებს ერთპარტიულ მმართველობას, სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები არასერიოზულ განცხადებას აკეთებენ
გია ბარამიძე - არავინ აპირებს ერთპარტიულ მმართველობას, სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები არასერიოზულ განცხადებას აკეთებენ

სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები და კოლეგები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში არასერიოზულ განცხადებას აკეთებენ, რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ გზავნილს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პარტიებთან ერთად გამარჯვება ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მესამე ვადას, ეს როგორც შინაარსობრივად, ისე ფაქტობრივად არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

გია ბარამიძემ კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებაზე, სადაც ოპოზიციონერი აღნიშნავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მესამე ვადას, „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა კი, ევროპული კოალიციის პირველ ვადას.

გია ბარამიძის განცხადებით, არავინ არ აპირებს ერთპარტიულ მმართველობას და ასეთ რაღაცებზე საუბარი არასერიოზული და არასწორია.

„ძალიან არასწორია, როდესაც ჩვენი კოლეგები ამას სწორედ ასე წარმოაჩენენ, არავინ არ აპირებს ერთპარტიულ მმართველობას და ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში და ბუნებრივია, ასეთ რაღაცებზე საუბარი ძალიან არასერიოზული და არასწორია. ყველა პროდასავლური პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს ახალი ტიპის საქართველოში ჯერ პრეცედენტის არმქონე კვალიფიციური მთავრობის შექმნას, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პროდასავლური ძალა ვალდებული იქნება, სუბიექტური მოსაზრებები გადადოს უკანა პლანზე ვის ვინ მოწონს, არ მოწონს და პასუხისმგებლობით მიუდგეს მის მოვალეობას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ასეთი იქნება მომავალი კვალიფიციური ხელისუფლება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.