პარტიების დაფინანსების წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პარლამენტი მუშაობას იწყებს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებები ბიუროს სხდომაზე უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, პარტიების დაფინანსება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, იურიდიული პირებისგან კი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ. ინიციატორი მმართველი გუნდია. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა. წარმოდგენილ ცვლილებებს ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიციური პარტიების რესურსების შეზღუდვაა.