პარტიათა დაფინანსების წესი

ოპოზიციური პარტიები პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებული ცვლილებების გამო ამჯერად პრეზიდენტს აკრიტიკებენ.

პარტიათა ნაწილი გიორგი მარგველაშვილს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას სთხოვდა, თუმცა კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ახალი ნორმა ძალაში შევიდა. სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ავტორობით მომზადებული ცვლილებებით, პარტიისათვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, როცა პარტია ვერ გადალახავს დადგენილ ბარიერს, მაგრამ პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის. ასეთი შედეგის მქონე პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსებას და ასევე, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას.