პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და „თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უნივერსიტეტში პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით, „ისფედის“ ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. რუსუდან თევზაძის თქმით, მას „თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება აიძულეს. თევზაძის განმარტებით, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მუდმივად ახსენებდნენ, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა იყო მთავარი ბარიერი უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაზრდის საქმეში. პარტია ,„საქართველოსთვის“ წევრი ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა ხელმძღვანელის პოზიცია, რათა არ გამხდარიყო უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაზრდის პროცესში დამაბრკოლებელი ფაქტორი. რუსუდან თევზაძის ინტერესების დასაცავად, „ისფედი“ აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. საკითხს ეხმაურება უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. ის პოლიტიკური ნიშნით შევიწროებას კატეგორიულად გამორიცხავს.