რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი გარემო, უკრაინის ომი და საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო დგას, – მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ვინც დესტაბილიზაციას შეეცდება, ხელისუფლებისგან უმკაცრეს პასუხს მიიღებს.
ამ თემაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა გორში ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე შიდა ქართლში პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, რეგიონულ მდივანთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც პარტიულ აქტივს შეხვდა.
განხილვის მთავარი თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო. პარტიის ლიდერებმა ასევე ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.