გვიან ღამით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 30 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაკავებულთა ნაწილი, მათ შორის ჟურნალისტები უკვე გაათავისუფლეს. მედიის წარმომადგენელთა თქმით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ხელწერილის საფუძველზე დატოვეს. „პუბლიკას“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ზურა ვარდიაშვილის და „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, სულ დააკავეს 36 პირი, რომელთაგან 6 უკვე გათავისუფლებულია.