პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენენ
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშის წარდგენის სურვილით თავად მიმართა.
უმრავლესობის განცხადებით, ანაკლიის პორტი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მინისტრის მიმართ მართველი გუნდის დეპუტატებს შეკითხვები პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე ინვესტიციების მოძიებასა და ტრანზიტულ დერეფნებში პორტის ინტეგრირებაზე ექნებათ.
საპარლამენტო ოპოზიციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვები აქვს. დეპუტატებს აინტერესებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინაღმდეგ დაწყებული გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით, ხომ არ უკავშირდება პროექტის განზრახ შეფერხების სურვილს.