ძიების დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ ისევ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, – ვინ დაასხა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერება, რის გამოც პლენარული სხდომების შეწყვეტა გახდა საჭირო.
გამომძიებლების შეკითხვებს დღეს იმ დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომლებიც გაურკვეველი შემადგენლობის სითხის გამო ცუდად გახდნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილიც, თუმცა ის საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი, ლელა ქებურია კი მედიასთან არ კონტაქტობს. სწორედ ამ ორ ოპოზიციონერ დეპუტატზე აქვთ ეჭვი მმართველი გუნდის ლიდერებს, რომლებიც ახლა გამოძიების დასრულებას ელოდებიან. ეჭვების დადასტურების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კოლეგების მიმართ მკაცრი სანქციების ამოქმედებას არ გამორიცხავენ. მათ შორის იგულისხმება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაც.