პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ცალკეული ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას წყვეტენ. 3 აპრილს ხელახლა ინიცირებული რეზონანსული პროექტი დღეს 84 ხმით დამტკიცდა. ფაქტს მწვავე პროტესტი მოჰყვა დარბაზში და პარლამენტს გარეთ. დღევანდელი კენჭისყრით ხმაურიანი საპარლამენტო განხილვები დასრულდა. ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციების წარმოდგენას და უცხოური ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირებას ავალდებულებს. ვეტო უკვე დაანონსებულია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს და დისკუსიის შედეგად კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებს არ წარადგენს.