პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდა.

19 კანდიდატიდან პარლამენტმა ვერც ერთი ვერ აირჩია. იმის გამო, რომ კონსულტაციების სამი რაუნდის დროს ორივე მხარისთვის მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. პროცესი ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ბოლო კონსულტაციებზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს ხუთკაციანი სია და მათგან ნებისმიერზე შეთანხმება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ომბუდსმენის არჩევის ჩავარდნაში ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს და მას მესამე სექტორის ულტიმატუმის მსხვერპლად მიიჩნევს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ იმ სამ კანდიდატს უჭერდა მხარს, რომელთა საკითხის განხილვაც კი მმართველმა პარტიამ თავიდანვე გამორიცხა. გამოცხადდება ახალი კონკურსი, კონსულტაციები კი თებერვალში გაგრძელდება. სახალხო დამცველის არჩევა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა სცადოს.