ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი აღარ იცავს. პარლამენტმა გენერალური პროკურატურის მიმართვა დააკმაყოფილა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საგამოძიებო უწყებას სასამართლოსთვის მელიას დაკავების შუამდგომლობით მიმართვის საშუალება ექნება. გადაწყვეტილებას 91-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრას სამსაათიანი განხილვა უძღოდა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა მელია იმყოფებოდა. პროკურატურის მოთხოვნის შეფასების დროს აზრები გაიყო. „პატრიოტთა ალიანსმა“ პროკურატურის მიმართვას მხარი არ დაუჭირა და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ლიდერს დააკისრა, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ეწინააღმდეგებოდნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც იმ არგუმენტით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ძალადობის პროვოცირებას ვერ მოახერხებდა.
კენჭისყრის დროს გადაწყვეტილებას ხმა არ მისცა „ქართული ოცნების“ სამმა დეპუტატმა.