პარლამენტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
სადავო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღესაც დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტზე მუხლობრივი მსჯელობა დილიდან განახლდა. მეორე მოსმენით მიღებამდე მმართველ გუნდს ოპოზიციის მწვავე განცხადებების და ბრალდებების მოსმენა უწევდა. პროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს მიღებული ფინანსების დეკლარირების და უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლებად დარეგისტრირებას ავალდებულებს, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაა ოპონენტებისთვის. ოპოზიცია ინიციატივას 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის ანალოგად აცხადებს და ხელისუფლებას მის გაწვევას სთხოვს. პოლიტიკური დებატები კანონპროექტის კრიტიკის გარდა პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.