პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ენ-იდი-ს“, „იიდი-ის“ და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.