კრიზისი განმუხტულია, სადავო კანონპროექტები უკან გაიწვიეს.
რიგგარეშე საპარლამენტო სხდომამ ამჯერადაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები კენჭისყრის დასრულებას პარლამენტთან ელოდებოდნენ. წინააღმდეგ მიცემული 35 და მხოლოდ ერთი მომხრეს ხმით უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა, რაც ნიშნავს, რომ ის მესამე მოსმენაზე აღარ გავა. ერთი დეპუტატის გარდა კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის არცერთ წევრს არ მიუღია. ე.წ. ამერიკული კანონის ქართული ვერსია კი, რომელიც პირველი მოსმენით განხილული არ იყო, თავად ინიციატორებმა გაიწვიეს.
ოთხდღიანი აქციების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღესაც ხმაური იყო. ოპოზიცია სიტყვით გამოსვლებს ითხოვდა.