აზერბაიჯანმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს, რომლებმაც აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პერსონები „არასასურველ პირთა“ სიაში შეიყვანეს. საგარეო უწყების გამოხმაურება უკავშირდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელის, ფრანკ შვაბეს მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სადაც შვაბემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობების გამო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული ევროსაბჭოს წევრობით. მან ასევე დაადანაშაულა ქვეყანა, რომ იგი არ იცავს ფასეულობებს, რომლებსაც ევროპის საბჭო ემსახურება. ასევე, შვაბემ ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა არ მიიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების შესახებ შეშფოთების გამოხატვისას უფრო მართებული იქნებოდა, შვაბეს ესაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც გერმანიასა და პასე-ში თანამშრომლობენ რუსეთთან და დღესაც კი მჭიდროდ თანამშრომლობა აქვთ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“, – შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაამტკიცოს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება, თუმცა ბაქოში არ დაელოდნენ ამ გადაწყვეტილებას და განაცხადეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებენ.