სანქცირებული 150 პირი და მათ შორის ოთარ ფარცხალაძე – აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
სტრატეგიული პარტნიორისგან მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე დამატებით ინფორმაციას ელოდება ფინანსთა სამინისტროც. მანამდე კი ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია ელის, რომ უახლოეს მომავალში ბაიდენის ადმინისტრაცია სიას გააფართოებს და სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეეხებათ.
მოვლენების მსგავს განვითარებას გამორიცხავს „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფარცხალაძე კერძო პირის სტატუსით დაასანქცირეს და მოქმედ ხელისუფლებას მასთან 10 წელია კავშირი არ ჰქონია.