სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი კონგრესის შემდეგ სენატშიც დარეგისტრირდა. ამჯერად დოკუმენტის ავტორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აქტში ნათქვამია, რომ „საქართველოს მმართველმა პარტიამ ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიიღო „უცხოეთის აგენტების კანონი”, რაც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები, შესაძლოა დაუწესდეს: ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო, ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე, ვინც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი, ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით და ამ პირების ოჯახის წევრებზე.