პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი კანონპროექტის გარშემო საკომიტეტო განხილვები იწყება.
ინიციატივის ავტორებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ ორივე პროექტი, ანუ თავდაპირველი და ამერიკული კანონმდებლობის თარგმნილი ვარიანტი პირველი მოსმენით მიღებული იქნება, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაეგზავნება. სწორედ კომისიის შეფასებებზე იქნება დამოკიდებული, რომელ ვარიანტს დაუჭერს მმართველი გუნდი საბოლოოდ მხარს. ვნებათაღელვა კი სულ უფრო იზრდება, ისევე როგორც საერთაშორისო რეზონანსი.
ოპოზიცია და მესამე სექტორი 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან აიგივებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების გასაჯაროებას და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. პროტესტი ვერც ამერიკაში 1930-იანი წლებიდან მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის კანონის ქართულმა ვარიანტმა ჩააცხრო. ამჯერად ელჩის სახელით საკუთარ მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს ოფიციალური ვაშინგტონი.