ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისთვის“ მიმართვა

ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტებთან მიმართებით სახელმწიფოს მიდგომის შეცვლას ითხოვს. მათ დახმარებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღეს მორიგი წერილობითი განცხადებით მიმართეს. გვანცა აფხაიძე მთავარ პრობლემად დაფინანსების დაგვიანებას, წამლების დეფიციტსა და ქვეყანაში ე.წ. მესამე თაობის მედიკამენტების არარსებობას ასახელებს. ორგანიზაცია ასევე დაფინანსების წლიური 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნასაც ითხოვს, რაც მათი თქმით, ზოგ შემთხვევაში სიმსივნით დაავადებული ადამიანისთვის საკმარისი არ არის. ორგანიზაციამ პროტესტი თებერვლის დასაწყისში დაიწყო. ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ, მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა მათივე თქმით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც, გუშინ პრემიერ-მინისტრის აპარატს, დღეს კი უკვე მეორედ პრეზიდენტს მიმართეს. ორგანიზაცია პარლამენტთან აქციასაც აანონსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროისთვის საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.