გორში ქალაქის მფარველი ხატის დღეს აღნიშნავენ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება. ოქონის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. წირვის შემდეგ კი, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. სასულიერო პირები ქალაქს მოივლიან, მოსახლეობას დალოცავენ და ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ. ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2004 წელს აღდგა და წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს, კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. 2004 წლიდან ის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.