ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, წერილი მათ დღეს გაავრცელეს. „ქართული პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველა, ვისაც გვაერთიანებს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი, გვაერთიანებს საქართველოს ისტორიით ნაკარნახევი ევროპული მომავალი, მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას“,- ამის შესახებ პოლიტიკურ პარტიების, დეპუტატების, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს ძალაუფლება ავტორიტარიზმით შეინარჩუნოს. მიმართვას ამ დროისთვის არ უერთდებიან „გირჩის“ წევრები. როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, მათ მიმართვის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონიათ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ რომ მიმართვის ავტორებმა ჯერ ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას.