რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა. სამი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები მხარდამჭერებს ხვალ რუსთაველის გამზირიდან მიმართავენ და გაუმხელენ იმას, რასაც თითქმის ერთი კვირაა მალავენ – რა ფორმით აპირებენ ხმებისთვის ბრძოლას. კონსულტაციები, რომელშიც გიორგი გახარიას გუნდი არ მონაწილეობს, აქტიურად გრძელდება. მიმდინარე კვირის განმავლობაში ლიდერები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ოფისებში არაერთხელ შეიკრიბნენ და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებსაც შეხვდნენ. გასაიდუმლოებული გეგმიდან ჯერ-ჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ იქნება პროტესტი, მათ შორის კარვებითაც. პარალელურად კი გაგრძელდება კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან.