მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ ხუთ ოპოზიციურ ძალასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რა საკითხები განიხილება ამ შეხვედრებზე – ამ კითხვას ორივე მხარე ღიად ტოვებს, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი კონსულტაციები მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებთან შეთანხმებულია. ამ ფონზე ურთიერთბრალდებები და რიტორიკა მძაფრდება ახლო წარსულში პოლიტიკურ პარტნიორებს და ახლა უკვე ერთმანეთს დაცილებულ ოპოზიციურ ძალებს შორის. გიგი უგულავა ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩის“ ნაწილს ოპოზიციის უმნიშვნელო ნაწილს უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ მათმა პოზიციებმა ოპოზიცია გარკვეულწილად დაასუსტა. პარალელურად ცნობილი ხდება ვადამდელი არჩევნების საკითხზე ახალი წინადადება, რომელიც ოპოზიციას კვლავ ორ ნაწილად ყოფს.