ოპოზიციის ნაწილი ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს.
„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლების მიერ შექმნილ არცერთ სამუშაო ჯგუფსა და ფორმატში ჩართვას არ აპირებენ და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საკუთარ სტრატეგიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირველი მოსმენით მიღებული და შეჩერებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაა, რისთვისაც რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ. თუმცა, „ქართული ოცნებიდან“ ოპონენტებს მიუთითებენ, რომ საკონსტიტუციო პროექტი ევროკომისიის რეკომენდაციებში არ არის. კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ წაყენებული პირობების შესასრულებლად ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგში რჩება დროებითი მთავრობის ფორმირებაც.
მანანა დევაძე არკვევდა, თუ როდის წარმოადგენს სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას და როგორი იქნება ამ გეგმის მთავარი პუნქტები.