სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან დღეს გამთენიისას გაათავისუფლეს. მანამდე საპოლიციო ძალების მხრიდან იყო გაფრთხილების მოწოდება, რომ მომიტინგეებს დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია, რასაც მომიტინგეების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა. ამის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს, სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც, ასევე, ევაკუატორით გაიყვანეს ადგილზე განთავსებული მანქანები, რომლითაც გზები იყო გადაკეტილი. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელ კართან გაურკვეველ ნივთიერებას ცეცხლი წაუკიდეს. კარის უკანა მხარეს განლაგებული იყო სპეცრაზმი. ორდღიანი პროტესტის განმავლობაში აქციაზე არ მისულა გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათი პარტიიდან წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას პროტესტის გამოხატვის საკუთარი ფორმები აქვს.