ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ბრიუსელიდან

ოპოზიცია წინასაარჩევნო კონფიგურაციების ძიებაში.

არჩევნები ახლოვდება, თუმცა ოპოზიციური ძალების გაერთიანება ვერ ხერხდება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მოწოდებების მიუხედავად, პოლიტიკური აქტორების ნაწილისთვის გამარჯვების გზა არა ერთი დიდი გაერთიანების შექმნაზე, არამედ რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ფორმირებაზე გადის. თუმცა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთიანობის და კოორდინაციის აუცილებლობაზე თანხმდება და ამ თანხმობას საჯარო ხელმოწერებით უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აფიქსირებს. ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტით ექვსი ოპოზიციური პარტია რამდენიმე ვალდებულების შესრულების პირობას დებს. მათ შორისაა პრეზიდენტისგან შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ პუნქტების დაცვა, ერთმანეთთან თანამშრომლობა, 5%-იანი ბარიერის პირობებში ხმების მაქსიმალურად მობილიზება და ერთმანეთზე თავდასხმებისგან თავშეკავება. „ერთობის დეკლარაციის“ ხელმომწერები 8 ივლისისთვის საბოლოო კონფიგურაციაზე ჩამოყალიბების პირობას დებენ.