კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეკრება პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა.
არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში თავად განათავსეს. გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ტარიელ ნაკაიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი იყვნენ. შეკრების მიზეზს ხათუნა სამნიძე საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა. შეხვედრის მიზეზი არადამაჯერებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ წინანდალში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ერთად საერთო პოლიტიკურმა ინტერესმა და ახალი დაჯგუფებების შექმნის გეგმებმა შეკრიბა. წინანდალში გამართული შეკრების ორგანიზატორი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მიზეზით შეხვედრის გამართვას უარყოფს. თამთა მიქელაძის განმარტებით, შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე, აფხაზეთის პერსპექტივებზე და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემაზე გაიმართა და მის მიზანს ამ მიმართულებებით პოლიტიკური პარტიებისა და სხვა გავლენის აქტორების ინტერესისა და ცოდნის გააზრება წარმოადგენდა.