რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გარშემო პროტესტი ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.
ოპონენტები ხელისუფლებას მოსკოვთან ფარულ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება“ შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატისგან წერილობით კითხვებს იღებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების და 2019 წელს შეწყვეტილი ფრენების აღდგენის მიღმა ოპოზიციური პარტიები სერიოზულ რისკებს ხედავენ და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ზომებს ითხოვენ, სხვა შემთხვევაში ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს პროგნოზირებენ. სწორედ ანტირუსული განწყობების სადემონსტრაციოდ ოპოზიციის გაერთიანებას და მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზებას ითხოვს ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი. თუ მის განცხადებებს დავეყრდნობით, საპროტესტო გამოსვლების დასაგეგმად ოპოზიციურ ფლანგზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. კონკრეტული პარტიების დასახელების მიუხედავად, ოპოზიციური ძალების უმეტესმა ნაწილმა ჩარკვიანის გეგმებზე არაფერი იცის.
თამუნა წიკლაური არკვევდა, არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ დაწყებულია თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმირების კიდევ ერთი პროცესი.