არის თუ არა ოპოზიციისთვის ერთიანი სია არჩევნებში გამარჯვების ფორმულა – საკითხზე ხელისუფლების ოპონენტები ჯერ კიდევ მსჯელობენ. მათი ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანია იდეოლოგიური ერთობა, პარტიული სიები კი აპრიორი გამარჯვებას არ ნიშნავს. ამ აზრს კატეგორიულად ემიჯნებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ყოფილი სახელისუფლებო პარტია მზად არის უპირობოდ ჩაერთოს პროდასავლური ძალების გაერთიანებაში, ხოლო თუ დიდი ერთობა არ შედგება, „ნაციონალური მოძრაობა“ მათი კუთვნილი 5 ნომრის ირგვლივ ეპატიჟება და საკუთარი მანდატების ნაწილის დათმობას სთავაზობს მათ, ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა 2024 წლის არჩევნებზე არ შეუძლია, ასევე ეს შეთავაზება ეხება ექსპერტებს და პროფესორებს.