ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

8 ივლისს უნდა გახდეს ცნობილი, რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დიდი გაერთიანების და საერთო სიის მომხრეა, თუმცა მოწოდებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების ნაწილი რამდენიმე ცენტრის ფორმირების იდეას ემხრობა. გიორგი ვაშაძის გუნდი აანონსებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მარტო არ იქნებიან და წინასაარჩევნოდ მათ ერთობაში სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც აღმოჩნდებიან. მათ შორის დიდი ალბათობით არ მოიაზრება „ლელო“, რომელიც ასევე ორშაბათისთვის საკუთარი კონსულტაციების შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობას აპირებს. მამუკა ხაზარაძის გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობის და ალტერნატიული ცენტრის ფორმირება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააანონსა და ახლაც ამ პოზიციაზე რჩება. დამოუკიდებელი გეგმები აქვთ გახარიას პარტიას და „გირჩს“. ახლა საინტერესოა, რა კონფიგურაციას აირჩევენ „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“, რომლებიც ასევე ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას და საერთო სიას უჭერენ მხარს. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა ქარტიამ და მოგვიანებით ბრიუსელში ხელმოწერილმა დეკლარაციამ ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფებების გარკვეული კონტურები გამოკვეთა.