სამი ოპოზიციური პარტია ცესკო-ს მიმართავს, არ გაატარონ რეგისტრაციაში მათი საარჩევნო სიის წევრები და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატების გაცემა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მოთხოვნა სამართლებრივად გამართულია.
ოპოზიციონერი კოლეგების ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. პარტიაში ადასტურებენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას არ აპირებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა შეუძლებელია, ამიტომ უმრავლესობის წევრები ოპოზიციის მოთხოვნას აბსურდულს უწოდებენ. საკითხზე განცხადება გაავრცელა ცესკო-მაც, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შეკრებამდე საქართველოს კანონმდებლობა მსგავსს დაშვებას არ ითვალისწინებს.