პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი სამიზნე ხდება.
განსაკუთრებით აქტიურდება „ლელოს“ ლიდერი, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მოსკოვში გამგზავრებას პროგნოზირებს. მამუკა ხაზარაძესთან ერთად მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება გიორგი გახარიაც, რომელმაც ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხელისუფლება ყოფილ თანაგუნდელს შინაგან საქმეთა მინისტრობის და პრემიერობის დროინდელ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ახსენებს და იმ ქმედებებზე მიუთითებს, რომელთა გამო მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ექს-პრემიერს მოღალატედ მიიჩნევენ. პრემიერობიდან გადამდგარი გახარიას მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის დებატების შეთავაზება სახელისუფლებო გუნდისთვის სერიოზულად განსახილველი თემა არ არის. თავის მხრივ მძიმე ბრალდებების გამო არგუმენტებს და განმარტებებს ითხოვს გიორგი გახარიას გუნდი, რომლის ლიდერი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოსვლის დროს თავად ბიძინა ივანიშვილმაც მოღალატედ მოიხსენია. ამ ეპითეტს წინ გახარიას მხრიდან მმართველი პარტიის დამფუძნებლის მისამართით არანაკლებ მძიმე ბრალდებები უძღოდა.