ხვალ მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ხვალინდელ კენჭისყრაზეა დამოკიდებული, დაკარგავს თუ არა ოპოზიციის 51 არჩეული დეპუტატი კანონმდებლის სტატუსს. მანდატების გაუქმებაზე ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა განცხადებების განხილვა კომიტეტიდან პლენარულ სხდომაზე ინაცვლებს. მაშინ, როცა მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ორი ოპოზიციური ძალის ექვსი დეპუტატია წარმოდგენილი, „გირჩი“ მმართველ პარტიას მოუწოდებს, ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს და საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდის შანსი დატოვოს. სხვა შემთხვევაში პარტია, რომელსაც მანდატებზე ოფიციალურად უარი არ უთქვამს და რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევას ცდილობს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას თავადაც მოითხოვს. ერთი დღით ადრე ხელისუფლება და ოპოზიცია მნიშვნელოვან გზავნილს იღებენ საერთაშორისო პარტნიორებისგან.