საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ვინ იქნება კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი – ამ საკითხზე დისკუსიები დღესაც გაიმართება. ორბელიანების სასახლეში ელოდებიან „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი უკვე შეხვდა ქარტიაზე ხელმომწერ დანარჩენ პარტიებს, თუმცა, მთავარ საკითხზე ჯერ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები განმარტავენ, რომ არჩევნებამდე დროებითი მთავრობის ფორმირებასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა ჯერ დასრულებული არ არის და ისინი მხოლოდ ზოგად საკითხებზე შეთანხმდნენ.
სახელისუფლებო გუნდი კი სალომე ზურაბიშვილს პროცესების რადიკალიზაციასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი წამოწყება მარცხისთვის არის განწირული.