მზადება ვადამდელი თუ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის – არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილების გეგმა ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგიდან არ იხსნება.
ცალკეული ოპოზიციური პარტიებისთვის რევოლუციამდე გზა ჯერ შესაბამისი საპროტესტო მუხტის შექმნაზე და ხალხის გაბრაზებაზე გადის, რაც მმართველი გუნდის წინააღმდეგ პროტესტის ყველა ფორმის, მათ შორის საბოტაჟის და შენობების პარალიზებას გულისხმობს. „გირჩის“ ლიდერ ზურა ჯაფარიძეს, რომელიც მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების მზადებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს, იდეური მომხრეებიც ჰყავს, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში არიან სკეპტიკოსები. ხელისუფლება ცვლის ერთადერთ გზად და საზოგადოების დაკვეთად არჩევნები ესახება საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს, რომლის სამოქმედო სტრატეგია წინასაარჩევნოდ გაძლიერებას და არჩევნებისთვის მომზადებას გულისხმობს.
ოპონენტებისგან მმართველი პარტიის არასაარჩევნო გზით შეცვლაზე საუბრის გააქტიურება არ უკვირს „ქართულ ოცნებას“. მმართველი გუნდი რევოლუციური სცენარის მომხრეებს საკუთარ რეიტინგებს და გასული არჩევნების დროს მიღებულ შედეგებს ახსენებს.