საკუთარი გეგმები აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებულ ვანო მერაბიშვილს.
მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება და ხელისუფლების ვადაზე ადრე შეცვლა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სამოქმედო სტრატეგიის მთავარი მიზანია. ამ მიზნის მიღწევას ის უახლოეს პერიოდში, გაზაფხულ-ზაფხულისთვის ვარაუდობს. „გადაარჩინე მიშა“, – ამ სახელწოდებით უკრაინაში გამართული დისკუსიის დროს ექს-ძალოვანმა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირე უწოდა და ომში მყოფი უკრაინის მიმართ პოზიციონირების გამო კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა. მერაბიშვილს გაჩუმებას თანაგუნდელების ნაწილიც კი ურჩევს. ყოფილ მაღალჩინოსანს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც და მას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციების მასშტაბებს ახსენებენ. მერაბიშვილი, რომლის არაფორმალურ გავლენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ღიად საუბრობენ და სწორედ მის ინტერესს უკავშირებენ მელიას ხაბეიშვილით ჩანაცვლებას, ბოლო თვეებია, საკუთარი პოლიტიკური გეგმების დეკლარირებას აღარ ერიდება.