საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი გუნდის სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, დამოუკიდებელი დოკუმენტის მომზადება თითქმის დაასრულა. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დისკუსიის დასკვნით ეტაპზე არიან. მათი განმარტებით, შემუშავებული წინადადებები ევროკავშირის მოთხოვნას ითვალისწინებს და 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა საკითხზე კანონპროექტი უკვე მომზადებულია, მათივე შეფასებით, ისინი აღნიშნულს სესიაზე წარადგენენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, საბოლოო შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარე კვირაში გაიმართება.