უთანხმოების კიდევ ერთი თემა ოპოზიციურ ფლანგზე.
ბარიერგადალახული ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, თუმცა მათი ნაწილი შესაბამისი პროცედურის გავლას პარლამენტის პირველი სხდომის შეკრებამდე ითხოვს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის“ კოალიცია ცესკო-ს სთხოვს, რომ მათი საარჩევნო სიების წევრები რეგისტრაციაში არ გაატარონ და უფლებამოსილების ცნობის მიზნით მათი გვარები პარლამენტს არ გადასცენ. და ეს მაშინ, როცა საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. კერძოდ, კანონი ამბობს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატს პირველი სხდომის მოწვევამდე და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობამდე მანდატების გაუქმების შესაძლებლობა არ აქვს. სწორედ საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, დღეს გაჟღერებულ მოთხოვნაში პოპულიზმის ნიშნებს ხედავს გიორგი გახარიას პარტია. სხვა გეგმა აქვს „ლელო – ძლიერ საქართველოსაც“. პარლამენტის პირველი სხდომა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან არაუგვიანეს ათ დღეში უნდა გაიმართოს. ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერებს არაერთხელ აქვთ ნათქვამი, რომ პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პოლიტიკური კრიზისის შექმნა მათი სამოქმედო სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა.